ახალი გზა რუსეთიდან საქართველოში - ვინ არის დავით ცეცხლაძე, ვინც ახალი გზის მშენებლობა დააანონსა

27.10.25 18:35
ახალი გზა რუსეთიდან საქართველოში - ვინ არის დავით ცეცხლაძე, ვინც ახალი გზის მშენებლობა დააანონსა

ახალი გზა რუსეთიდან საქართველოში - "ქართულ ოცნებასთან დაახლოებული" რუსეთში ქართული დიასპორის პრეზიდენტის, დავით ცეცხლაძის განცხადებით, "რუსეთს ინგუშეთის გავლით საქართველოსკენ ექნება გზა".

ამის შესახებ მან ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა. 

  • ცნობისთვის ინგუშეთში საქართველოდან, ოკუპანტი ქვეყნის თანატოლებთან დასაახლოებლად ახალგაზრდების დიდი ჯგუფი ჩაიყვანეს.
  • სტუმრები კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილს - უძველეს თაბა-იერდის ტაძარს - და 1994 წელს „მეგობრობის გზის“ მშენებლობაზე დაღუპული ქართველი მშენებლების მემორიალს ეწვივნენ.

მე მინდა, პატივი მივაგო 1994 წელს ჩაცხრილული მეგზევეების ხსოვნას. ამ ტრიბუნიდან მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, სულ ტყუილად ეს გზა აშენდება. რუსეთს ინგუშეთის გავლით საქართველოსკენ ექნება გზა. დღეს ჩვენ ამაში ერთად დავრწმუნდით, როდესაც ვნახეთ ის ენერგეტიკა და სიყვარული რაც აქ სუფევდა. რუსეთში ბევრი კეთდება, ყველა იმ ერის იდენტობის შესანარჩუნებლად, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ერთაშორისი ჰარმონიზაცია არის უმაღლეს დონეზე რუსეთში და პრეზიდენტის პირადი კონტროლის ქვეშ," - განაცხადა დავით ცეცხლაძემ. 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთი საქართველოში "რბილი ძალის ოპერაციას" ატარებს და სწორედ ამის ფარგლებში საუბრობს დავით ცეცხლაძე. 

მათი თქმით, დავით ცეცხლაძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენაში იღებდა მონაწილეობას და რომელმაც გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე სანქტ-პეტერბურგში წაიყვანა. 

მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ რბილი ძალის ოპერაციის ფარგლებში საუბრობს დავით ცეცხლაძე, რომელიც ღიად ჩნდება მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომი იწყება და პუტინი მას ადგილს აძლევს საერთაშორისო საბჭოში და მათ შორის, პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის სწორედ მისი ინიციატივა იყო. ამიტომ ეს რბილი ძალის ოპერაცია და მათ შორის თავად დავით ცეცხლაძეც, რომელიც ღია პუტინისტია და პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ რუსული დროშა მისი დროშაა, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ოპერაცია. 

ეს ვიზიტი, მათ შორის ინგუშეთში განხორციელდებოდა აუცილებლად სუს-ის თანხმობით," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ "ხელისუფლებაში სხედან რუსეთის წარმომადგენლები" და მათი ხელშეწყობით საქართველოს საზოგადოების რუსეთზე მიბმის პროცესი დაჩქარებული ტემპებით მიდის. 

ძალიან დაჩქარებული ტემპებით მიდის რბილი ძალის გამოყენებით, მათ შორის, საქართველოს საზოგადოების რუსეთზე მიბმის პროცესი. ამისი ნიშანი არის ყველა ის აქტივობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. საქართველოს ხელისუფლებაში სხედან რუსეთის წარმომადგენლები და ცხადია, რომ ისინი ხელს უწყობენ ყველა ამ ტექნიკის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ," - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები