"სარჩელი შევიტანეთ დემოკრატიის გადასარჩენად" - ბადრი ჯაფარიძე

27.10.25 22:46
"სარჩელი შევიტანეთ დემოკრატიის გადასარჩენად" - ბადრი ჯაფარიძე

"სარჩელი შევიტანეთ დემოკრატიის გადასარჩენად" - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და "ლელო - ძლიერი საქართველოს" მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ისაუბრა. 

მისი თქმით, "ძლიერ საქართველოს" მოლოდინი აქვს, რომ ასაკრძალი პარტიების სიაში ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია მოხვდება. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მათ სარჩელის თაობაზე სხვა პარტიებთან არ უსაუბრიათ. 

მე თუ მკითხავთ "კოლექტიური ნაცმოძრაობის", თუ არსებობს ასეთი რამ, პირველი წევრი არის "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ სავსეა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებით და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი, ერთ-ერთი საყრდენი არის "ქართული ოცნება" ამ ლოგიკით. 

ჩვენი პარტიის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, რომ რაღაც საბოტაჟში გვდებენ ბრალს და ა.შ., აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს იმის, რომ ეს იქნება ყველა ძირითად პარტიაზე, არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მასთან აფილირებულ პარტიებზე, არამედ ყველა დანარჩენ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი არა კონკრეტული, კერძო პარტიული ინტერესების დასაცავად, არამედ დემოკრატიის გადასარჩენად ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ პარტიების აკრძალვა ეს არის დიქტატურის დამყარება პირდაპირ. აქედან გამომდინარე სარჩელის ამოცანა არის დემოკრატიის გადარჩენა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არ გვაქვს ის ილუზია, რომ უმრავლესობა, არიან იქ დამოუკიდებელი მოსამართლეები, არ არის "ქართული ოცნების" კონტროლის და გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს ნაბიჯი არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეს სამართლებრივი გზით. 

ამაზე საუბარი სხვა პარტიებთან ჩვენ არ გვქონია, მიგვაჩნია, რომ ეს არის თითოეული პარტიის გადასაწყვეტი. ამაზე კონსულტაცია არ გვქონია არავისთან," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები