"ოცნება": ვადამდელი არჩევნები არ იქნება
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ივანიშვილის პარტიის წევრები უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციის აკრძალვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა იგეგმება.
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციის აკრძალვა მხოლოდ მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არის განპირობებული.
როდესაც შენ იმართები გარედან და ახორციელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, ახალისებ პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მიზანს რაც შეეხება, როდესაც დადგება 2028 წელი, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, თუ რა მიზნები ექნება "ქართულ ოცნებას", ამას საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით, - ამბობს კალაძე.
"პირველების" კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი, ვადამდელი არჩევნები, კალაძე უარით პასუხობს.
ანალოგიურს ამტკიცებს ბეჟან წაქაძეც და ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ 2028 წელს გაიმართება. ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი ისევ ირწმუნება, რომ "ოცნება" ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო.
არჩევნები ჩატარდება 2028 წელს. არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ჩვენ ყველა ჩვენი მოქმედებით, ყველა ჩვენი მიღებული კანონით, ეკონომიკის ზრდით და ყველა იმ პარამეტრებით, რაც საჭიროა ევროკავშირში მისაღებად, ჩვენ ამას ვახორციელებთ. ამიტომ ჩვენ 2030 წლამდე, როგორც ითქვა, რომ არ არის ევროპის კარი ღია და არავის იღებენ, 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად მზად იქნება და გაცილებიტ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ვართ. ასევე ევროპაში ჩვენნაირი ქვეყანა არ არის, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი კი ამტკიცებს, რომ არ არსებობს საფუძველი, ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. ამასთან, ივანიშვილის გუნდის დანაყოფის წევრი დარწმუნებულია, რომ ამას ქვეყანაში კრიზისის გამწვავება არ მოჰყვება.
არავითარ შემთხვევაში არ ჩაინიშნება რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. გამორიცხულია. არანაირი კრიზისი არ იქნება. არავითარი საფუძველი იმის არ არსებობს, რომ საპარლამენტო არჩევნები რაღაც ნიშნით განმეორებით ჩატარდეს. არც ახლაა ეს შემთხვევა. "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, არ ეშინიაკონკურენციის. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში რამდენიმე არჩევნები, იგივე შუალედური არჩევნები, იგივე საპარლამენტო არჩევნები, მუნიციპალური არჩევნები, სადაც ცხადად გამოჩნდა, რომ ამ რადიკალურ პარტიებს თანდათანა სულ უფრო და უფრო აკლდებათ ამომრჩევლები, - ამბობს სეფაშვილი.
ასაკრძალთა სიაში მოხვედრილი პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ "ოცნება" პოლიტიკურ ველს ახალი არჩევნების ჩასანიშნად ასუფთავებს. ივანიშვილის პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება სურს.