სად არის ირაკლი ქარსელაძე?
რა ამოიღო საგამოძიებო უწყებამ ირაკლი ქარსელაძის სახლიდან და სად არის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ექს-მაღალჩინოსანი? - დღეს ამ კითხვების დასასმელად "პირველები" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის სახლთან მივიდა. ქარსელაძის ცოლი აღნიშნულ კითხვებს არ პასუხობს და არ ამბობს, თუ სად არის მისი მეუღლე.
მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ ყოფილი მინისტრი დიდი ხანია არ უნახავთ - ახლა საინტერესოა, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გადაიყვანილია თუ არა ქარსელაძე გამოკითხვაზე.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - ამის შესახებ გუშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.
საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. ირკვევა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა.
- აღნიშნული საქმის ფარგლებში გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია.
ეკა ბესელია ამბობს, რომ კორუფცია სინამდვილეში სათავიდან მოდის და ამის შესახებ ივანიშვილი დიდი ხანია ინფორმირებულია, თუმცა ახლა კორუფციულ საქმეებზე გამოძიებები იმიტომ დაიწყო, რომ ეს ყოფილ თანაგუნდელებზე ზეწოლის თუ ზემოქმედებისთვის სჭირდება.
რეალურად ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება შიდა დაპირისპირების ფონზე და პერსონალური კონფლიქტები, რომელიც გარკვეულ ჯგუფს აძლევს დღეს საშუალებას, რაღაცა რევანში მოუწყონ სხვა მეორე დაჯგუფების წარმომადგენლებს. ეს მთლიანობაში ქართულ სახელმწიფოს ანგრევს, იმიტომ, რომ კორუფცია არის ყველგან და რაც მთავარია არის ვერტიკალურად და მოდის სათავიდან. ამიტომაც, ის რაც ახლა ხდება - ეს არის სინამდვილეში ეჭვიანობა და შურისძიება ერთმანეთთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაციები ჰქონდა გაცილებით უფრო ადრე. როგორც ჩანს მიუშვა ეს პროცესი. ეს არის ალბათ ერთგვარი ბერკეტი ზეწოლის თუ ზემოქმედების ადამიანებზე და ახლა ვისზეც უნდა იმაზე აამუშავებს, ვინც მიაჩნია, რომ, ახლა არის დასასჯელი, თორემ ბევრი ის ადამიანები, მოსამართლეები, ვინც მათ ასამართლებთ, დიდი ნაწილი თვითონ არიან კორუფციაში ჩართულები", - აცხადებს ეკა ბესელია.