დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია

30.10.25 20:03
დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია

დაკავებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია - ამისი შესახებ საგანგებო განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება კობა გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

დაკავებულს 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონების თაღლითურად დაუფლება ედება ბრალად.

  • ცნობისთვის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმის ფარგლებში დაკავებულები არიან შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძეს აღკვეთი ღონისძების სახით გირაო აქვს შეფარდებული. 

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ.

ასევე კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან, სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე. 

როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. 

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები. 

გამოძიების მასალების მიხედვით, შპს "ლაგი კაპიტალის" მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. 

დასახელებულმა პირებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს "ლაგი კაპიტალზე" საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 80-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით," - განაცხადა ია ახალაიამ. 

მსგავსი სიახლეები