ევროკომისიის ანგარიშს კობახიძე ჩინეთიდან პასუხობს
"ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული". - ამ სიტყვებით გამოეხმაურა შანხაიში მყოფი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს.
"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ადგილი აქვს ფაქტების დამახინჯებას.
მისივე მტკიცებით, "სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა ევროკავშირის მიმართ."
„ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც. სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა. იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს. ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ გვსურს 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი მაქვს, მანამდე რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერი დღეს გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებასაც, რომელმაც ივანიშვილის გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი ატყუებენ ხალხს, "როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირთან ახლოს მიჰყავთ - მთავრობა საქართველოს ევროკავშირს აშორებს".
„ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი [მარტ] კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით - ეს ეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკის განვითარებას, კორუფციის სიმცირეს. ყველა მიმართულებით საქართველო არის გამორჩეული ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის დღევანდელი რეალობა.
რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას პირდაპირ გამოვიდა ევროკომისიის პრეს-სპიკერი და მხარი დაუჭირა 4 ოქტომბრის აქციას, ეს არის ფაქტი. დანარჩენზე ქართული საზოგადოება ძალიან კარგად მსჯელობს. დღესაც ვიღაცები მიმართავენ ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, კარგად შეისმინოს ქართველი ხალხის ნება და შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც გაკეთდა 2024 წლის ოქტომბერში და შემდეგ 2025 წლის ოქტომბერში და ნუ დაიმცირებენ ასე საკუთარ თავს ასეთი ტყუილებით და სპეკულაციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.
ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.