კრემლის ქება "ოცნებას" - რას ამბობენ ანალიტიკოსები
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ქებას ანალიტიკოსები ივანიშვილის გუნდის მიერ არჩეული, ევრო-იზოლაციის გამოხატულებად მიიჩნევენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს რუსეთიზაცია აქტიურ ფაზაშია გადასული და "ოცნებამ" უკვე ყველა კარტი გახსნა.
ყველა კარტი გახსნეს და უკვე პირდაპირ, აქტიურ ფაზაშია გადასული საქართველოს რუსეთიზაცია, საქართველოსთვის რეალური სუვერენიტეტის, რეალური დამოუკიდებლობის დაკარგვა.
იმის ფონზე თუ რაც ხდება უკრაინაში, ბევრს შეიძლება ეს მოეჩვენოს გადაჭარბებულ შეფასებად, ან აბსურდულ მოსაზრებად, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთოდ არ არის გამორიცხული, მითუმეტეს, რამდენიმე დღის წინ, პუტინმა ხელი მოაწერა აბსოლიტურ მობილიზაციას რუსეთის ფედერაციაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენი სუვერენიტეტი იმ თვალსაზრისით, როგორც ამას რუსეთი განიხილავს, მოიცავდეს რუსეთის დახმარებას უკრაინის ფონზე," - განაცხადა საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში, დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა.
"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გიორგი მელაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" კრემლთანაც კი ვერ ახერხებს "ნორმალური კომუნიკაციის დამყარებას და მეორეხარისხოვანი, კორუმპირებული ჩინოვნიკების იმედად" არის.
კრემლთან ასეთი დაახლოების მცდელობები, თან წარუმატებელი მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" მკვეთრად აირჩია ევრო-იზოლაციის მიმართულება, მათ აღარ აინტერესებთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც არის კმაყოფილი "ქართული ოცნების" ქმედებებით, არის რუსეთის ფედერაცია, მაგრამ მასთანაც კი ვერ ახერხებენ ნორმალური კომუნიკაციის დამყარებას და არიან მეორეხარისხოვანი, კორუმპირებული ჩინოვნიკების იმედად," - ამბობს გიორგი მელაშვილი.
უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. მისი აზრით, "ამ წუთას მზადდება მთავარი რამ, რაც საქართველოს საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპულ ინტეგრაციას".
თუ დააკვირდებით, შეფასების ახსნისას რამდენჯერმე მოვისმინეთ ის, რომ თითქოს ევროპული ბიუროკრატია "ყველაფერს აკეთებს" იმისთვის, რომ ქართველებმა თვითონ თქვან უარი ევროპულ ინტეგრაციაზე. ამის გარდა ჩვენ სხვა ინდიკატორები გვაქვს, ვხედავთ, რომ იგივე ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა აპირებს, რომ პარტიად გარდაიქმნას, პლუს სხვა უმრავლესობის წევრებმა ახსენეს 78-ე მუხლი.
მგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის, ამ წუთას მზადდება ეს მთავარი რამ, რაც უკვე ფორმალურად და ინსპექციურადაც საქართველოს საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპულ ინტეგრაციას და იქნება რუსეთის უკანა ეზო," - თქვა გიორგი შაიშმელაშვილმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ, დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების ერთობლივი შეკრების დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნება" შეაქო.
მისი განცხადებით, ივანიშვილის გუნდმა შეძლო და არჩევნების დროს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებებს შეეწინააღმდეგა.