"ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის საქმე" - სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

06.11.25 16:59
"ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის საქმე" - სააკაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი

"ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილის ფუნდამენტური უფლების დარღვევა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა და ე.წ. საბოტაჟის საქმეს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ "პიჯაკების საქმის" შემდეგ იქნებოდა "ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის საქმე" და სწორედ ეს არის აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დევნა. 

ეს არის რუსული კალკი პირდაპირ, განცხადებაც გავრცელდა პრეზიდენტის Facebook გვერდზე, რომ მისთვის აპირებდნენ, ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის შევიწროებისთვის, ბრალის წარდგენას. ეს არის ზუსტად ეს საქმე, ჩვენ ვამბობდით, რომ "პიჯაკების საქმის" შემდეგ იქნება "ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის საქმე". 

ძალიან სტკივათ სანქციები, რომ იძახიან ჩალის ფასი აქვს ამას, არაფერი არ გამოვა, ზუსტად ეს არის ჩალის ფასი, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა თავის თავზე იგრძნობს ძალიან მალე. 

ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილის ფუნდამენტური უფლების დარღვევა, მას ბრალად უყენებენ პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესში, პოლიტიკური ბრალდების დროს, სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს," - განაცხადა ჩალაძემ.

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

  • სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო:  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.