დაპირისპირება კრიმინალურ სამყაროში - ვისი დავალებით უწყობდნენ ტერორს ციხეში ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრს?
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით განსასჯელის სკამზე მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ბადრი ნათობაძე [ბადუკა] აღიარებს, რომ გიორგი მიქაძისთვის მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორის, ე.წ. შუმოკების და გინების უკან თავად დგას.
კაცი, რომელიც მიქაძეების საძმოს წევრის მკვლელობისთვის 19 წლიან სასჯელს 2016 წლიდან იხდის, ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტებთან პირადი შუღლი აქვს და "ქურდული დაკვეთა" აქ არაფერ შუაშია.
ჩანაწერში, რომელიც სასამართლო დარბაზიდან ტელეგრამ არხების მეშვეობით გავრცელდა, ისმის ლევან მოისწრაფიშვილის, იგივე "კვერცხას" ხმაც. გამოძიების ვერსიით, მოისწრაფიშვილი, რომელიც სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის, მამიდაშვილის დახმარებით აქტიურად გადიოდა კავშირზე იტალიაში მცხოვრებ ე.წ. კანონერ ქურდთან, საიდანაც გიორგი მიქაძის შევიწროების დავალებებს იღებდა.
მოსამართლე ნანა შამათავამ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება, წინასწარ პატიმრობაში გაეშვა ყველა შუამავალი, ვინც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს უცხოეთში მყოფ ქურდებთან დაკავშირებაში ეხმარებოდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ნანა მეფარიშვილი. 20 წლის ქალმა, "პირველების" ინფორმაციით, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთანაც ითანამშრომლა - სანაცვლოდ 3 ათას ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს.