მიხეილ სააკაშვილის წერილი "ვივა-მედიდან" და მიმართვა ოპოზიციას

07.11.25 12:39
მიხეილ სააკაშვილის წერილი "ვივა-მედიდან" და მიმართვა ოპოზიციას

ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყურადღებას ერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, შეწყვიტონ ერთმანეთის წინააღმდეგ ქიშპი, დაივიწყონ წყენები და სამიზნე ერთზე, ბიძინა ივანიშვილზე გაასწორონ. 

გუშინდელს შემდეგ კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა
1) უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, უნდა ვიაროთ ყველამ ერთად და გამოვიდეთ ერთი ფრონტით. ცალ-ცალკე სიარული ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე.
2) უნდა შევწყვიტოთ ქართულ ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთის ჩაჩეხვა. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ფულს იყენებს თავისი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად და სხვების ჩასაჩექმად. ეს აზიანებს საერთო საქმეს.
3) უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ როდის რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე.
გუშინ ერთი ტელეწამყვანი ამტკიცებდა, რომ მე სხვა ოპოზიციონერებს "გაყიდულები" ვუწოდე. ეს არის სრული სიცრუე.  
ჯერ ერთი, ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია და მეორე, შეიძლება პრეტენზიები მქონდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები წარსულში არასწორად არჩევდნენ ალიანსებს, ცუდი აქტორების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგრამ ამას დღეს ჩვენი საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი საერთო მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ამ მიმართულებით, გამარჯვებამდე.
ძალა ერთობაშია!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.