არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, თუმცა... - ირაკლი კობახიძე

07.11.25 12:48
არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, თუმცა... - ირაკლი კობახიძე

„არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, თუმცა... უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას მოითხოვდა" - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ზელენსკიმ თქვა: "ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული".

TRT WORLD-თან ინტერვიუში, "ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა „საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული“.

„არ მინდა, ბატონ ზელენსკის ვუპასუხო, რადგან ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უკრაინის მთავრობა უმაღლეს დონეზე მოითხოვდა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას. მაგალითად, შემიძლია შეგახსენოთ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ზელენსკის მთავარი მრჩევლის და სხვა მრავალი ადამიანის განცხადებები. ისინი აშკარად, ძალიან ნათლად მოითხოვდნენ ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას და ჩვენ უარი ვთქვით. ამ შემთხვევაში ფაქტები ასეთია.

[...]

პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. რა თქმა უნდა, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული და ბოლოს, ხედავთ, რომ ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა, ახლა განადგურებულია. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ, არის ამდენი მსხვერპლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეკონომიკა. აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის მარიონეტული ომი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ, მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმულირებას“ - განაცხადა კობახიძემ.