"ოცნება" მძევლების აყვანის სპეცოპერაციას ატარებს - ექსპერტები

07.11.25 13:27
"ოცნება" მძევლების აყვანის სპეცოპერაციას ატარებს - ექსპერტები

ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალი ბრალის წარდგენას დიპლომატები და პოლიტიკის ექსპერტები "ოცნების" მიერ მძევლების აყვანის სპეცოპერაციად აფასებენ. ზურა ფარჯიანი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ისინი დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდება, რათა საბოლოოდ მისთვის სასურველ კომრპმისებს მიაღწიოს. 

მძევლების აყვანის სპეცოპერაციას ატარებენ. ესენი, დარწმუნებული ვარ, სჭირდება სავაჭროდ, იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე მივიდეს შეთანხმებამდე დასავლეთთან. ეს შეიძლება იყოს ევროკომისიის ანგარიშზე პასუხიც და თუ დამატებით ინფორმაცია, რომ კიდევ შეიძლება, სანქციები იყოს, შეიძლება, წინსწრებით ზომები იყოს, - ამბობს ზურა ფარჯიანი. 

ამავე აზრზს იზიარებს კიდევ ერთი ექსპერტი გიორგი რუხაძე. ამასთან, რუხაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილი, დასავლეთიდან წამოსული მკაცრი გზავნილების ფონზე, ქვეყნის შიგნით ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს. 

ექსპერტის თქმით, ივანიშვილის პირველად მიზანს ძალაუფლების შენარჩუნება წარმოადგენს. 

შესაძლოა, ეს იყოს ვაჭრობის მცდელობაც, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ივანიშვილი რას აკეთებს, როდესაც დასავლეთიდან მოდის მკაცრი გზავნილები და მკაცრი ნაბიჯები, ის ცდილობს, აჩვენოს დასავლეთს, რომ მას უფრო მკაცრად შეუძლია იმოქმედოს ქვეყნის შიგნით და რაც უფრო გაიზრდება გარედან ზეწოლა, მითუფრო გაიზრდება რეპრესია. ეს მისი პოლიტიკაა, მაგრამ ეს მეორადი პოლიტიკაა. პირველადი საკითხი ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა და ნებისმიერი, ადამიანი იქნება ეს თუ ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ძალაუფლებას, სწორედ მის წინააღმდეგ მოქმედებს პირველად დონეზე, - ამბობს გიორგი რუხაძე.  

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.