პრეზიდენტ სააკაშვილს ზვიგენთან სელფის გადაღების იდეას ედავებიან - გიორგი ჩალაძე

07.11.25 13:34
პრეზიდენტ სააკაშვილს ზვიგენთან სელფის გადაღების იდეას ედავებიან - გიორგი ჩალაძე

 

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი ჩალაძე, რომელსაც ახალ ბრალთან დაკავშირებით საქმის მასალებსი მთელი დასტა გადაეცა, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ზვიგენთან სელფის გადაღების იდეას ედავებიან. 

რაც შეეხება კითხვას, ვისი ჩვენებებია საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩალაძე ამბობს, რომ "ბევრი კუკური სიკინჭილაშვილი იქნება ამ საქმის მონაწილე". 

ესენი არიან რომანოვი-ფარცხალაძის სახელობის პროკურატურა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ედავებიან ზვიგენთან სელფის გადაღების იდეას და თითქოს ამით არის ინსპირირებული შემდეგი ქმედებები, რომელიც სრულიად სიგიჟეა. შეიძლება მოგედავონ თქვენ, რატომ გაქვთ ცისფერი თვალები და რატომა რის ვიღაც ქერა, ზუსტად ასეთი რამ არის. ამათ არ სჭირდებათ არაფერი გარდა იმისა, რომ საუკეთესო პატრიოტები ჩასვან ციხეში. კუკური სიკინჭილაშვილები ჩვენს ქვეყანაში ბევრი არიან და შესაბამისად, ბევრი კუკური სიკინჭილაშვილი იქნება ამ საქმის მონაწილე", - ამბობს ჩალაძე. 

ფურცლების მთელი დასტა - პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმის მასალები ადვოკატებს ყუთებით გაატანეს.  ადვოკატების თქმით, ოპოზიციის რვა ლიდერის საქმეში პროკურატურამ გააერთიანა ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში აქციის მონაწილეების და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აღძრეს.

საქმეში დევს მყარი დისკები, ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, ასევე რასამთავრობოების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებიც.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.