პროკურატურა: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულმა მირზა ალიევმა „ქურდულ სამყაროს“ $6000 გადასცა

07.11.25 13:40
პროკურატურა: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულმა მირზა ალიევმა  „ქურდულ სამყაროს“ $6000 გადასცა

პროკურატურა ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, მირზა ალიევმა [სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი], „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა.

გვარაკიძის უწყების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მირზა ალიევმა ქურდული გარჩევის გზით „ქურდული სამყაროს“ წევრებს 6000 აშშ დოლარი გადასცა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში ამჯერად ლიკვიდირებულმა 52 წლის კაცმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები.

აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6000 აშშ დოლარი“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარედგინა.

ბრალდებულებისგან 34 პირი დაკავებულია, 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 3 პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.