პოლიტიკური ლიდერების საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა
პოლიტიკური ლიდერების საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა - სწორედ ის იმსჯელებს დღეს საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე.
სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში 19:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობილია, რომ პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" ლიდერების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარძის მიმართ გიროას მოითხოვს, თუმცა რა ოდენობის თანხას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
- პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმის მასალები 36 ტომია. ის დღეს ადვოკატებს ჩაბარდათ. უფლებადამცველების თქმით, ოპოზიციის რვა ლიდერის საქმეში პროკურატურამ გააერთიანა ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში აქციის მონაწილეების და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აღძრეს.
საქმეში დევს მყარი დისკები, ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, ასევე არასამთავრობოების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებიც.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.