რამე პრეტენზია ექნებათ? [ოპოზიციას] მიმართონ სტრასბურგს - პაპუაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

07.11.25 17:00
რამე პრეტენზია ექნებათ? [ოპოზიციას] მიმართონ სტრასბურგს - პაპუაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

რამე პრეტენზია ექნებათ [ოპოზიციას]? მიმართონ სტრასბურგს - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი ე.წ საბოტაჟის საქმეზე დასმულ კითხვას. 

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "რაკი მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა, შესაბამისად გონივრული ეჭვის სტანდარტი არსებობს, რომელიც ბრალის წარსადგენად საკმარისია".

რაც გენერალური პროკურორის ბრიფინგზე მოვისმინეთ, ჩვენი თვალით ვხედავდით. არ ვხედავდით, როგორ ადგენდნენ საქართველოს მოქალაქეების „შავ სიებს“, რომ საქართველო გარედან თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო? არ ვხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში პაპკებითა და საქაღალდეებით იმისთვის, რომ უცხო ქვეყნებისთვის „შავი სიები“ მიეწოდებინათ და საქართველო თავდასხმის ობიექტი ყოფილიყო?

ჩვენ ეს ყველაფერი პოლიტიკურად არაერთხელ შევაფასეთ"- თქვა მან. 

  • პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმის მასალები 36 ტომია. ის დღეს ადვოკატებს ჩაბარდათ. უფლებადამცველების თქმით, ოპოზიციის რვა ლიდერის საქმეში პროკურატურამ გააერთიანა ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში აქციის მონაწილეების და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აღძრეს.

საქმეში დევს მყარი დისკები, ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, ასევე არასამთავრობოების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებიც.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.

 

მსგავსი სიახლეები