8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი სასამართლოში 19:00 საათზე დაიწყება

07.11.25 18:35
8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი სასამართლოში 19:00 საათზე დაიწყება

8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 19:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილი განიხილავს. 

როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" ლიდერების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ გირაოს მოითხოვს, ამ დროისთვის, უცნობია რა რაოდენობის გირაოზეა საუბარი. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერების ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი საქმის მასალების ძირითად ნაწილს უკვე გაეცნენ, თუმცა იქ საბოტაჟის მტკიცებულება ვერ ნახეს. შესაბამისად ამბობენ, რომ დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და ეცდებიან, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო არ შეეფარდოთ. 

უკვე ცნობილია, რომ პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პროცესს არ დაესწრება. მას რუსთავის ქალთა კოლონიიდან სასამართლოში არ გადმოიყვანენ. პროცესზე არ იქნება არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი, შესაბამისად სასამართლო მას, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავს. 

ამასთან, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ ის სასამართლო სხდომას კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად დაესწროს და ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან დაკავშირებით ისაუბროს. 

პროცესს არ დაესწრება არც კოალიცია "ცვლილების" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია. 

დანარჩენ პოლიტიკურ ლიდერებზე ინფორმაცია უშუალოდ სასამართლო სხდომის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.

მსგავსი სიახლეები