ბადრი ჯაფარიძის სიტყვა სასამართლოზე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან მის მიერ წარდგენილი ბრალი წაიკითხა და არ ეთანხმება.
ოპოზიციონერი ლიდერი ბრალდებას სრულ სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მას ძალადობრივ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი.
წავიკითხე ბრალი. გადმოცემულ მასალებს ვეცნობოდით. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი. მე, რომელიც ხელის მომწერი ვარ "დამოუკიდებლობის აქტის", მე მდებენ ბრალს? ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საბოტაჟში ვიღებდი მონაწილეობას, სამწუხაროდ, ამის უკან დგანან ის ადამიანები, რომლებმაც ძალადობრივად დაამხეს ჩვენი ხელისუფლება 1992 წლის 6 იანვარს. ეს არის მათ მიერ ინსპირირებული პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, ვინც “დამოუკიდებლობის აქტის” ხელმომწერია. ეს პროცესი არის ინსპირირებული იგივე ჯგუფის მიერ, რომელიც მონაწილეობდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაში.
არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ ძალადობრივ ჯგუფთან მქონდა კავშირი. არ ვეთანხმები იმას, რაც იყო წაკითხული," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილი განიხილავს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.