"შეხება არ მქონია არანაირ რაციასთან" - ბადრი ჯაფარიძე სასამართლოზე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით პროკურატურა რევოლუციის მოწოდებაზე საუბრობს, თუმცა მას შეხება არ ჰქონია არანაირ რაციასთან - "ეს არის აბსურდი. თურმე მე ვაორგანიზებდი რაციებით".
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის არსად გაქცევას არ გეგმავს და აპირებს კანონის უზენაესობისთვის ბრძოლას.
მოვისმინე პროკურორის წაკითხული ბრალი. დავინახე, რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც რევოლუციის მოწოდებასთან არის საუბარი ჩემ მიმართ, ეს არის აბსურდი. თურმე მე ვაორგანიზებდი რაციებით. შეხება არ მქონია არანაირ რაციასთან. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს.
ძალიან ვამაყობ, რომ დამოუკიდებლობის აღიარებაში წვლილი მაქვს შეტანილი. მე ვერ დამაჯერებთ იმას, რომ გჯერათ იმის, რასაც კითხულობთ. 50 ათას ლარიანი გირაო იყო შეფარდებული ერთპარტიულ კომისიაში არ გამოცხადების გამო. ვიყავი ლონდონში. ვიცოდი, რომ განაჩენი ორშაბათს გამოცხადდებოდა, ამიტომ ჩამოვედი თბილისში, 50 ათასი ლარის პირობებში. მაშინ არასად გავქცეულვარ, არც ხვალ ვაპირებ გაქცევას და ვაპირებ ბრძოლას კანონის უზენაესობისთვის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოზე.
8 ოპოზიციური ლიდერის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილი განიხილავს.
პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" ლიდერების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონიან გირაოს შეფარდებას ითხოვს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.