"განვიხილავთ [გირაოს] უძრავი ქონებით ჩანაცვლებას" - ბადრი ჯაფარიძე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ

08.11.25 00:45
"განვიხილავთ [გირაოს] უძრავი ქონებით ჩანაცვლებას" - ბადრი ჯაფარიძე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ

 

 

"ითქვა, რომ შესაძლებელია [გირაოს თანხის] უძრავი ქონებით ჩანაცვლება, ჩვენ განვიხილავთ ამ ვერსიას, უძრავი ქონებით ჩანაცვლებას და მოგახსენებთ" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამარლოს მიერ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, "ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი".

ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პროკურორები მტკიცებულების წარდგენასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას არ გრძნობენ, რადგან იციან, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას გაიზიარებს. 

მე მგონი ყველაფერი ნათელია, სამწუხაროდ "ოცნებამ" აკრძალა ტრანსლირება სასამართლო პროცესის, ძალიან კარგი იქნებოდა ყველას ენახა რა უმსგავსობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, აქაც წინა ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც აკრძალული იყო სასამართლო პროცესების გადაცემა მედიით, ახლა აკრძალა "ოცნებამ", რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა ვერ ნახონ, როგორ ხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. 

რაც შეეხება ბრალის წაყენებას, ეს ხელის გულზე დევს, ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არანაირი მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და მამუკა ხაზარაძეს წაგვიყენა, მაგრამ როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც, თავის თავს აჯობეს პროკურატურის წარმომადგენლებმა და სამწუხაროდ მოსამართლემ, რა თქმა უნდა, რაც მოსალოდნელი იყო,  დაუდასტურა ის, რაც მათ სურდათ, გირაოს შეფარდება ასტრონომიული ციფრით. 

კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, დადასტურდა ის, რომ დღეს მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში, არის სრულად დაქვემდებარებული, აბსოლუტურად ფეხქვეშ არის გათელილი კანონით მისი უზენაესობა. 

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ქვეყანას უბრალოდ მომავალი ვერ ექნება იმიტომ, რომ შეუძლებელია მართლმსაჯულება ასე იყოს დაკნინებული, პროკურორები ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული, მოსამართლე ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩაყენებული და ასეთმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს გამართულად. 

საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულების წარდგენასთან მიმართებაში იმიტომ, რომ იციან, რომ მოსამართლე დაუდასტურებს, არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი. ამ შემთხვევაში ვერც შეძლებდნენ გაემართათ ბრალი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის წმინდა ფორმალობა, უბრალოდ ჩვენ ვალდებული ვართ, როგორც კანონმორჩილი ადამიანები, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ვაჩვენოთ იქ დარბაზში, რამდენად დიდ უმსგავსობასთან გვაქვს საქმე. თუმცა ილუზიები არ გვქონია, რომ ზუსტად ასევე დაუდასტურებდა პროკურორებს მოთხოვნას მოსამართლე, როგორც ისინი ითხოვდნენ.

ჩემთან დაკავშირებით არ იქნება, ვერ იქნება, სხვების ჩანაწერებს არ გავცნობივარ. 
აქ ითქვა, რომ შესაძლებელია [გირაოს თანხის] უძრავი ქონებით ჩანაცვლება, ჩვენ განვიხილავთ ამ ვერსიას, უძრავი ქონებით ჩანაცვლებას და მოგახსენებთ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე განიხილებოდა. 

სასამართლომ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები