"უნებართვოდ ააშენა 5 სასტუმრო"- "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენის, ვლადიმერ სტეფანიანის დაკავების შესახებ დაადასტურა.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სტეფანიანს გამოძიება, ამ ეტაპისთვის 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
როგორც ბრიფინგზე, გამომძებელმა ია ახალაიმ განაცხადა, ბიზნესმენმა უნებართვოდ და თვითნებურად ააშენა ბაკურიანში 5 სასტუმრო, მთაზე საბაგირო ჩამოკიდა და მოაწყო სათხილამურო ტრასაც.
ახალაიას თქმით, უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა - "ამ ეტაპისთვის 1 894 925 ლარია დადგენილი"
საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დაკავებულებსი რიცხვი გაიზარდოს.
გუშინ, 2025 წლის 7 ნოემბერს, ჩვენმა თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ის, რომ ბაკურიანის ყველაზე დიდი ელიტარული საცხოვრებელი კორპუსი უკანონოდ აშენდა, რასაც საგამოძიებო სამსახური ამბობს, არ ადასტურებს დაკავებული ბიზნესმენის სასტუმრობის დაცვის უფროსი. ის "პრიველებს" ეუბნება, რომ უკანონო მშენებლობის შესახებ დღეს პირველად გაიგო.
ახლა, მთავარი კითხვა, როგორ დაარეგისტრირა რეესტრმა უკანონო შენობები, ან სად იყვნენ მაშინ, როცა ბაკურიანი სამშენებლო პოლიგონად იყო გადაქცეული?