მეუფე იაკობის პირველი კომენტარი ბრალდებული ექს-პრემიერის საქმეზე

08.11.25 14:38
მეუფე იაკობის პირველი კომენტარი ბრალდებული ექს-პრემიერის საქმეზე

 

 

მეუფე იაკობის პირველი კომენტარი ბრალდებული ექს-პრემიერის საქმეზე - ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მილიონების სავარაუდო მოპარვაზე "არ გაუგია". 

სასულიერო პირმა დღეს მედიას დაუდასტურა, რომ ის და ყოფილი პრემიერი მეგობრები არიან. ასევე თქვა, რომ ბრალის წარდგენსი შემდეგ ღარიბაშვილს შეხვდა, თუმცა კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მასთან აღნიშნულ საქმეზე არ უსაუბრია. 

კითხვაზე, სჯერა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის ბრალდების, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ მას "ღმერთის სჯერა".

„[ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით] პოსტი არ დაგვიდია, სურათები დაიდო. ჩვენ მეგობრები ვართ, ვმეგობრობთ. [საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა] ასეთი რამ მე არ გამიგია, მოპარვაზე არ გამიგია არაფერი.

 არაფერია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ვნახოთ. [ირაკლი ღარიბაშვილს] რა უნდა ეთქვა? ეს სასაუბროც არ არის, რა თემაა…. წადით, პროკურორს ჰკითხეთ. რას ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილზე, არ ვიცი. მე გითხარით, ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა, იმ ფოტოზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ მან თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებმა მეუფეს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების გამო საპატრიარქოსგან შენიშვნა მიიღოს, სასულიერო პირი ასე პასუხობს: „მე? ვინ უნდა მითხრას? რა საპატრიარქოში, კარგით, რა…”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

  • ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო, რამდენიმე დღის წინ, შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები