იყო თუ არა დაჯარიმებული უკანონო მშენებლობისთვის "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენი, რომელსაც ხელბორკილები დაადეს?

08.11.25 17:05
იყო თუ არა დაჯარიმებული უკანონო მშენებლობისთვის "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენი, რომელსაც ხელბორკილები დაადეს?

"პირველებმა" ბაკურიანში იმ ერთ-ერთი სასტუმროს კადრები გადაიღო, რომლის უკანონო მშენებლობის ბრალდებითაც "ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენს, ვლადიმერ სტეფანიანს ხელბორკილები დაადეს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტს ბაკურიანში ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ბიზნესმენს მშენებლობა დაახლოებით 3 კვირაა რაც შეჩერებული აქვს. სავარაუდოდ, ის წინასწარ იყო ინფორმირებული მოსალოდნელი ბრალის შესახებ. 

ირკვვევა, რომ სტეფანიანი აქამდე არაერთხელ იყო დაჯარიმებული უკანონო მშენებლობისთვის - ამ ინფორმაციას "პირველებს" ბაკურიანის განვითარების სააგენტოში აწვდიან. 

რაზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ ადამიანი უკანონოდ აშენებდა და ჩვენს მიერ გაცემული ნებართვის ზემოთ კიდევ დამატებით მიმდინარეობდა უკანონო ქმედება. ყველაფერზე ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თითოეულ შენობაზე აქვს ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენი ბერკეტი ეს იყო დაჯარიმება, მითითება, მშენებლობის შეუჩერებლობაზე ჯარიმა და ა.შ. ჩვენ რამდენჯერმე ყველა უკანონო ქმედებაზე არის დაჯარიმებული. რაც შეეხება საბაგიროს გზას, ტოპობანს და ა.შ. ეს არ იყო მეხუთე კლასის მშენებლობა და სცდება ჩვენს პრეროგატივას", - ამბობს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე. 

სტეფანიანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია,  ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. 

სტეფანიანს გამოძიება, ამ ეტაპისთვის 1 894 925 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. როგორც ბრიფინგზე, გამომძებელმა ია ახალაიმ განაცხადა, ბიზნესმენმა უნებართვოდ და თვითნებურად ააშენა ბაკურიანში 5 სასტუმრო, მთაზე საბაგირო ჩამოკიდა და მოაწყო სათხილამურო ტრასაც.

საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დაკავებულებსი რიცხვი გაიზარდოს. 

 

მსგავსი სიახლეები