იურისტების ჯგუფი პროკურატურას მიმართავს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

08.11.25 17:59
იურისტების ჯგუფი პროკურატურას მიმართავს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

იურისტების ჯგუფი მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

იურისტები ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი/პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ.

იურისტების ჯგუფი მოუწოდებს პროკურატურას, რომ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძესთან ინტერვიუ, სადაც მოსამართლე დეტალურად საუბრობს წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და მართლმსაჯულებაში ჩარევის ფაქტებზე.  მის მიერ აღწერილი ფაქტები ეხება არა მხოლოდ ქართული ოცნების არამედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს. ვიდეოჩანაწერში, რომელიც ორსაათნახევარი გრძელდება მოსამართლე ასახელებს კონკრეტულ საქმეებს, დოკუმენტებს, შეხვედრებს, მოწმეებს, სატელეფონო ზარებს. გავრცელებული ჩანაწერი შეიცავს სხვადასხვა დანაშაულთა ნიშნებს, მათ შორის.

ქრთამის შეთავაზება (სსკ. 339-ე მუხლი)

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ. 332-ე მუხლი) 

თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ. 143-ე მუხლი) 

მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა (სსკ. 364-ე მუხლი) 

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა (სსკ. 365-ე მუხლი)

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. ხოლო ამავე კოდექსის 101-ე მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 28 ოქტომბერს შეტანილი იქნა განცხადება  გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ ვიდეო ინტერვიუზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იურისტების ჯგუფი მოუწოდებს პროკურატურას, რომ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს და ჯეროვნად წარმართოს გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის ფაქტებზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ იურისტები:

  • კახა წიქარიშვილი, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, უჩა ნანუაშვილი, ირმა კაკიაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია, ლევან თოთლაძე, ბესიკ ლოლაძე, მარი ჯაფარიძე და მარიამ ჩხეიძე. 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, რომელმაც საჯაროდ განაცხადა ზეწოლისა და მფარველობის შესახებ სასამართლო სისტემაში, ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ალავიძემ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული სკანდალური ჩვენების შემდეგ გაამჟღავნა ჩანაწერები, სადაც, მისი თქმით, ჩანს როგორ ანაწილებდნენ გავლენიანი პირები სასამართლო საქმეებს მოსამართლეებს შორის. ყოფილი მოსამართლე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ზეწოლა მოწმეებზე, მათ შორის დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილზე, და აცხადებს, რომ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი მის ლიკვიდაციასაც შეეცდება.  

მსგავსი სიახლეები