"სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება! ბოლომდე!" - ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან
"სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება! ბოლომდე!" - ამის შესახებ კოალცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
ოპოზიციონერის თქმით, "ოცნების" მხრიდან მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკოსების დევნა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ივანიშვილს ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამკიდრება სურს.
"ივანიშვილს რომ რუსული დიქტატურა უნდა, ეს ვიცით. როგორც მინიმუმ, 29 აპრილიდან. შესაბამისად, რუსული რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების თუ პოლიტიკოსების დევნა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.
ამასთანავე, მოდი, გავცდეთ იმას, რა უნდათ რუსებს და შევაფასოთ რეალურად რა გამოსდით, რა ხდება მათ თავს. ეს ყველაფერი თავად აღიარეს და ისედაც ჩანს:
- მათ ეშინიათ პროტესტის - ვერ მოერივნენ და ვერც მოერევიან.
- მათ ეშინიათ არალეგიტიმურობის - ვერ მოგვერივნენ, ვერ მოგვერევიან.
- მათ ეშინიათ სანქციების - კიდევ უფრო მეტს მიიღებენ
- მათ ეშინიათ სინდისის პატიმრების - ვერ გატეხეს.
- მათ ეშინიათ თავისუფალი მედიის - ვერ გააჩერეს (მზია ყოველ დღე ახალ ჯილდოს იღებს).
- მათ ეშინიათ არასამთავრობოების - ვერ გატეხეს და გააჩუმეს.
ამიტომ რეალობა არის არა დიქტატურის დამკვიდრება, არამედ დიქტატურის დამკვიდრების ნევროზული ისტერიული მცდელობა.
სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება!
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
08/11/2025" - ვკითხულობთ ელენე ხოშტარიას ციხიდან გამოგზავნილ წერლიში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.