The Guardian: ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრს ქმნის

08.11.25 19:03
The Guardian: ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრს ქმნის

The Guardian-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია დემოკრატიული მდგრადობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რომლის მიზანიც რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებიდან მომდინარე დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. 

დოკუმენტის თანახმად, რომელიც The Guardian-მა მოიპოვა, ცენტრი გააერთიანებს ექსპერტებს როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიდან, რათა უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციებსა და ჩარევას ებრძოლონ.

დოკუმენტი სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გამოქვეყნდება.

„უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიის გარდა, რუსეთი ასევე ახდენს ჰიბრიდული თავდასხმების ესკალაციას და გავლენისთვის ბრძოლას აწარმოებს ევროპის წინააღმდეგ. ცრუ ნარატივების გავრცელებით, რომლებიც ზოგჯერ ისტორიული ფაქტების მანიპულირებასა და გაყალბებას მოიცავს, ისინი ცდილობენ დემოკრატიული სისტემების მიმართ ნდობის შერყევას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება ევროკავშირის სახელმწიფოებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. 

მსგავსი სიახლეები