ექსკლუზივი: სუს პოლიგონებზე სათვალთვალო კამერებში გადახდილი 10 მილიონის ამბავს იძიებს

08.11.25 21:38
ექსკლუზივი: სუს პოლიგონებზე სათვალთვალო კამერებში გადახდილი 10 მილიონის ამბავს იძიებს

რამდენი მოპარეს ჯარს ? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო  ფაილების მოპოვების შემდეგ, "შაბათის ეთერისთვის" ცხადი გახდა, რომ იძიებენ არა მხოლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალის შესყიდვებიდან მოპარულ მილიონებს, არამედ სამხედრო ცენტრ "დელტასთვის" გამოყოფილი თანხების მართლზომიერ ხარჯვასაც.

დედოფლისწყაროს საუტილიზაციო  ბაზა "დელტას" კუთვნილი სამი ტერიტორიიდან ერთ-ერთია, სადაც თავდაცვის სამინისტრომ შიდა და გარე პერიმეტრზე ჭკვიანი სათვალთვალო კამერები დადგა და ამისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონ 784 ათას 704 ლარი გამოყო. სუს-ის ფაილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სმარტ ნეტს" შორის დადებული  საიდუმლო გარიგებას ახლა ანტიკორუფციული დეპარტამენტი სწავლობს.

ხელშეკრულება 2023 წლის 16 ივნისს გაფორმდა. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ  სამხედრო ცენტრ "დელტას" ბაზების ვიდეო სათვალთვალო კამერებით აღჭურვის პროცესში  მაღალჩინოსნებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს, რის გამოც ბიუჯეტს რამდენიმე მილიონის ზარალი მიადგა.

კომპანია "სმარტ ნეტში" ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი ოფისიდან წაიღო თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებები და მთელი ფინანსური დოკუმენტაცია. კომპანიის თანამშრომლები "შაბათის ეთერთან" ყვებიან,  რომ ანტიკორუფციული ბიუროს გამომძიებლები, კომპანია "სმარტ ნეტის" ოფისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ, თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ საიდუმლო ხელშეკრულების განსაიდუმლობაზე ხელი მოაწერინეს და ყველაფერი რაც დადებულ კონტრაქტს ეხებოდა საგამოძიებო უწყებაში წაიღეს.

გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ 10 მილიონი, რომელიც ბაზებზე კამერების დასაყენებალად გამოიყო ხელოვნურად გაზარდეს. ჩნდება კითხვა ვის ჯიბეში წავიდა ფული ?! - "შაბათის ეთერის" მიერ  მოპოვებული საგამოძიებო მასალებით დგინდება, რომ ამ საქმეზე დაკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და შესყიდვების ყოფილი შეფი ვლადიმერ ღუდუშაური.

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები