"პროკურატურა თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში" – გიგა ლემონჯავა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ გამოძიების საქმეზე
"დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა პროკურატურის მოქმედებებს აბსურდულად მიიჩნევს და ამბობს, რომ უწყება საჯარო შეხვედრების ამსახველ მასალებს ფარულ ოპერატიულ ჩანაწერებად ასაღებს.
მისი შეფასებით, გამოძიების მიერ წარდგენილი ვიდეოები აშკარად აჩვენებს, რომ საუბარია ღია შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციონერები მოქალაქეებს სანქციების პოლიტიკასა და ხელისუფლების კრიტიკაზე ესაუბრებოდნენ.
პროკურატურა თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში, იმიტომ, რომ მოქალაქეებთან საჯარო შეხვერის ამსახველი მასალა გამოაქვთ როგორც ვითომ რაღაცა საგამოძიებო ოპერატიული მასალა. სინამდვილეში, ყველა კარგად ხედავს, რომ არავითარი ფარული აქ არაფერი არ არის. ამ სანქციების თემაზე ტარდებოდა ბრიფინგები, ტარდებოდა მოქალაქეებთან შეხვედრები, იმიტომ, რომ საერთაშორისო წნეხი ივანიშვილის და ზოგადად, ამ რუსული სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ, არის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი. სიგიჟეში არიან გადასული. მებრალებიან ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც პროკურატურაში, შსს-ში აიძულებენ, რომ ამ სიგიჟეში მიიღონ მონაწილეობა, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო.
საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო მას შემდეგ, რაც პროკურატურას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა – გელა ნიკოლაიშვილმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ – მიმართეს.
მტკიცებულებებს შორისაა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც სუს-ის თანამშრომლები ოპოზიციურ ლიდერებს საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ფარულად იწერენ. ვიდეოებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებიც ამომრჩევლებს ხვდებიან და ევროკავშირში ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ.
ჩანაწერებში ხოშტარია აღნიშნავს, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლება რუს სანქცირებულ მოქალაქეებს ბიზნესში.
სხვა ვიდეოში ხოშტარია და ჯაფარიძე კვლავ ღია შეხვედრაზე ჩანან, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს „ქართული ოცნების“ კანონებს დაემორჩილოს.