ვინ ლობირებდა ბაკურიანში უკანონო ბიზნესსაქმიანობას - ალაპარაკდება თუ არა ვლადიმერ სტეფანიანი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანი, რომელმაც ბაკურიანში ხუთი სასტუმრო, საბაგირო და სათხილამურო ტრასა ნებართვების გარეშე ააშენა. გამოძიების ინფორმაციით, სტეფანიანი საკურორტო ზონაში თვითნებურად ახორციელებდა მრავალმილიონიან პროექტებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია არ გააჩნდა.
ბიზნესმენი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და პროკურატურის მტკიცებულებებს ეცნობა. მთავარი ინტრიგა ახლა იმაშია, ალაპარაკდება თუ არა ის სანაცვლოდ უფრო მსუბუქი სასჯელის მისაღებად.
გამოძიება ინტერესდება, ვინ ლობირებდა სტეფანიანის საქმიანობას და ვისთან ჰქონდა მას მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენი მილიონერ დეპუტატ გოჩა ენუქიძის ახლო მეგობარია.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანის მასშტაბური პროექტების ინსპექტირებისას ადგილზე იმყოფებოდნენ მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი. ამ ფონზე ჩნდება კითხვა - იყო ეს უბრალოდ თვითნებური მშენებლობა, თუ გავლენიანი მფარველების მხარდაჭერით დაწყებული ბიზნესპროექტი?
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.