პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

10.11.25 10:46
პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის".

მეტიც, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს აცდენილია და თუ მას ღირებულებებთან დაბრუნება სურს  - "პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“.

საჯაროდ გავრცელებულ პოსტში, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ევროპულ გარეთიანებაზე, არ დავიწყებია არც პაველ ჰერჩნსკი და დაწერა, რომ "თანამედროვე ევროპა ღიად დგას მოძალადეების მხარეს".

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას - ანუ ხალხის მმართველობას - და, ამავე დროს, ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს და მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო.

დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.

გზა ნათელია, გამოსავალი - ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, - წერს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები