რატომ დაიწყო "ოცნებამ" 8 ოპოზიციონერის სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტულად ახლა? - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში
რატომ დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმეების წარმოება მაინც და მაინც ახლა? ამ კითხვით "პირველებმა" "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართა.
ნაწილი მათგანი კითხვებს არ პასუხობს, მეორე ნაწილი კი ირწმუნება, რომ დანაშაულები სუსმა სწორედ ახლა გამოამჟღავნა.
ახლა გამომჟღავნდა, ახლა გამოამჟღავნა სუსმა... ახორციელებდნენ საბოტაჟს, გადატრიალების გეგმებს, რევოლუციური სცენარით მოსვლას. არასდროს იყვნენ არჩევნების პროცესში რეალურად ჩართულები, - ამბობს ზუკა რურუა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გამოძიება სალომე ზურაბიშვილითაც დაინტერესდეს, "ოცნების" წევრი ასე პასუხობს:
თუ დანაშაულის ნიშნები იქნება, ყველამ უნდა აგოს პასუხი, - ამბობს ზუკა რურუა.
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო.
საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო მას შემდეგ, რაც პროკურატურას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა – გელა ნიკოლაიშვილმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ – მიმართეს.
მტკიცებულებებს შორისაა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც სუს-ის თანამშრომლები ოპოზიციურ ლიდერებს საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ფარულად იწერენ. ვიდეოებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებიც ამომრჩევლებს ხვდებიან და ევროკავშირში ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ.
ჩანაწერებში ხოშტარია აღნიშნავს, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლება რუს სანქცირებულ მოქალაქეებს ბიზნესში.
სხვა ვიდეოში ხოშტარია და ჯაფარიძე კვლავ ღია შეხვედრაზე ჩანან, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს „ქართული ოცნების“ კანონებს დაემორჩილოს.