ნიკა მელიას პირველი გამოჩენა 5-თვიანი პატიმრობის შემდეგ და ოპოზიციონერის სიტყვა სასამართლო დარბაზში
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე იხილება. პროცესს თავად ნიკა მელიაც ესწრება.
მელიამ სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა, სადაც დააანონსა, რომ განცხადების გაკეთება სურს. აღნიშნული სიტყვა სოციალურ ქსლეში გავრცელდა.
ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ სასამართლოზე იმისთვის მივიდა, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ენახა. ასევე მიმართა მოსამართლე ქოჩქიანს და უთხრა, რომ “მას აქვს შანსი, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.“
მისივე თქმით, ასევე, უნდოდა ცრუ მოწმეები საკუთარი თვალით ენახა.
ირაკლი შვანგირაძეს ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი და ვუთხარი იმ ფორმით, რა ფორმითაც ვფიქრობდი და ახლა აპირებენ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებას და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მაღირსეთ ჩემი დაკავების ოქმი, ეტყობა სადღაცა ვიღაცამ უხერხულობა იგრძნო და სულ რამდენიმე დღის წინ ჩაგვბარდა. სიმართლე გითხრათ, ჩემს აქ მოსვლას ორი მთავარი მოტივაცია ჰქონდა, ერთი - 5 თვეა ჩემს ამ მინიატურულ საკანში ვარ, მომენატრა ბევრი ადამიანი და ვიფიქრე რომ მათ ვნახავ და მეორე - უშუალოდ სახეზე მეცოდინება ის პოლიციელები, რომლებიც მზად არიან, მორიგ ჯერზე, საარაკო ტყუილები დააფრქვიონ ამ დარბაზში. არ მინდოდა ეს ორი ეგზოტიკური ადამიანი გამომრჩენოდა. ეს ორი ცრუ ადამიანი არის ეგზოტიკა.
ოდნავი 0,1 პროცენტი იმედი რომ არსებობდეს, რომ თქვენ ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს დააყენებთ, მოუსმენთ და მიხვდებით. თქვენს ადგილას ყოფნა ნამდვილად არ მომინდებოდა, რადგან იმდენად შავით-თეთრზე იქნება აქ საუბარი, რომ მოგიწევთ საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება.
რა მოხდა სინამდვილეში - მეორე დღეს, მქონდა სასამართლო პროცესი, აქ, ამ შენობაში, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ არ ვაპირებდი მისვლას, თქვენებმა, რეჟიმმა იფიქრა, ვაი თუ მელია ისევ გამოიკეტოს ოფისში და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარება და ამ დროს ოცკეცდება შეცდომების დაშვების ალბათობა ხელისუფლების მხრიდან, რაც წინათაც დადასტურებულა, ამ შემთხვევითობის თავიდან არიდების მიზნით, ანუ მოულოდნელობის ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, იქ გადაწყვიტეს, რაღა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ, მოდი, ბარემ დღესვე მოვიტაცოთ. ლისის ტბის ტერიტორიაზე, იქვე მოაწყვეს სპეცოპერაცია, მინიმუმ 40-დან 50-მდე პოლიციელი იყო, მათ არც ცა და არც დედამიწა ქალამნად არ მიაჩნიათ და იფიქრეს, ამ ქვეყანაში ვინ მოგვთხოვს პასუხსო. ეს არის მიზეზი, რაც მოხდა. დარწმუნდებით ამაში. ხვალ მე ციხეში წასვლას ისედაც ველოდები, მანამდე ბევრი სხვა პოლიტიკოსი მშვიდობიან ფორმას მიმართავდა და ამ აქტს ჩადიოდა, მეც მზად ვიყავი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს იყო მშვიდობიანი ბრძოლის აქტი, თუ ჰგონიათ, რომ წინა დღით იმის ხასიათზე ვიყავი, რომ ღამე, ტატიშვილის ქუჩაზე მედევნა პოლიციელებისთვის და მეგინებინა, ვითომ ვერაზე მივაყენე შეურაცხყოფა, მას შემდეგ დამედევნენ. ახლა ეს 2 ადამიანი შემოვა და გეტყვით, რომ მელიამ მოძრავი მანქანიდან შეგვაგინა, ხვალ, დილის 9:00 საათზე რომ მიჭერდა თქვენი კოლეგა ისედაც მივდიოდი ციხეში. ტელევიზიაში მიმავალმა შევაგინე, გამომეკიდნენ და გამიტაცეს. გითხარით, რა უძღოდა წინ ამ ყველაფრს. ახლა რისი შეცვლა მინდა, პირდაპირ გეუბნებით, ყველა ჩემ თანამებრძოლთან ერთად, ამ ქვეყანაში ნებისმიერი პატიმარი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იქნება, რა დანაშაულზეც არ უნდა იყოს, მისთვის ადვოკატის აყვანას აზრი ჰქონდეს და იოტისოდენა იმედი არსებობდეს, რომ მოსამართლე სიმართლეს გაიზიარებს და არ დადგება რეჟიმის მხარეს.
ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, თუ ვინმე მოსამართლე არ არის დაცლილი 100 % -ით სამართლიანობისგან, ამის გამო გადავწყვიტე ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, არ ვიღებ ხოლმე, არც სხვაში მივიღებ და არც ამაში მივიღებდი. უბრალოდ მინდა იმ 2 მოწმეს ვუსმინო, თან პერიფერიული ხედვით თქვენც გიყუროთ, მათაც, და შემდეგ დავალაგო აზრები, მაინტერესებს, რამდენნაირი ადამიანი და მოსამართლე არსებობს. ნეტა ვცდებოდე,მაგრამ მგონია, რომ არ ვცდები, თქვენ ამათ მოუსმენთ და დაადგენთ, რომ ჭეშმარიტება იმ ადამიანების მხარესაა. ამის შემდეგ, იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება, განცხადება გავაკეთო, ვინაიდან, არასათანადო მდგომარეობაში ვართ, გარედან წყალიც არ შემოგვატანინეს, სხვათაშორის თქვენმა თანამშრომლებმა, აი, იმ სახელმოხვეჭილმა მანდატურების უფროსმა, გულწრფელად მიპასუხა, რომ ამ სასამართლოში ყველაფერი უნდა იყოს გაუმჭვრივალეო, წყალი გამჭვირვალე სითხეა და შეტანა არ შეიძლებაო, - თქვა პროცესზე მელიამ.
ამ წუთებში სასამართლო დარბაზში მოწმეები იკითხებიან.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.