გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე ე.წ. პარტიების აკრძალვის საქმეზე? - რას ამბობენ "ოცნებაში"
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შემდეგ "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრები ამბობენ, რომ საკითხი საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაა.
გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსები საკუთარ ადნაშაულებებზე თავად საუბრობდნენ, რაც მათ წინააღმდეგ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა.
თვითონ აღიარებენ, რომ სჩადიან დანაშაულს. თვითონ ამბობენ, რომ დავამხოთ ხელისუფლება, რაც არისანტიკონსტიტუციური. თვითონ ამბობენ, რომ მიდიან უცხოეთში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევენ, რომ დასაქნცირდეს ქვეყანა, დასანქცირდნენ პოლიტიკოსები, - ამბობს მაჭარაშვილი.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ გამოძიება სალომე ზურაბიშვილითაც დაინტერესდეს, "ოცნებაში" გადაჭრით ვერ პასუხობენ. ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა არერთი უსიამოვნო განცხადება გააკეთა, თუმცა გახდება თუ არა ეს გამოძიების საგანი, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადაწყვიტონ.
რა თქმა უნდა, სასიამოვნო მოსასმენი არ ყოფილა, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობდა საქართველოსთან მიმართებაში. ქალბატონ ზურაბიშვილს ვერ ვათქმევინეთ ის, რომ კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა ბოლო-ბოლო ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არასასიამოვნო მოსასმენი იყო მისი მხრიდან, თუმცა იკვეთება თუ არა აქ კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულის კვალი, მე, რა თქმა უნდა, არ ვარ კომპეტენტური, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ოპოზიციის ბრალეულობაზე ამახვილებს ყურადღებას კახა კალაძეც. ამასთან, "ოცნების" გენმდივანი ვერ ამბობს, კიდევ ვის შეიძლება, შეეხოს გამოძიება.
ვერ ვიტყვი თუ ვინ შეიძლება, კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ. მე არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. თუმცა, რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, - ამბობს კახა კალაძე.
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო.
საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო მას შემდეგ, რაც პროკურატურას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა – გელა ნიკოლაიშვილმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ – მიმართეს.
მტკიცებულებებს შორისაა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც სუს-ის თანამშრომლები ოპოზიციურ ლიდერებს საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ფარულად იწერენ. ვიდეოებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებიც ამომრჩევლებს ხვდებიან და ევროკავშირში ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ.
ჩანაწერებში ხოშტარია აღნიშნავს, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლება რუს სანქცირებულ მოქალაქეებს ბიზნესში.
სხვა ვიდეოში ხოშტარია და ჯაფარიძე კვლავ ღია შეხვედრაზე ჩანან, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს „ქართული ოცნების“ კანონებს დაემორჩილოს.