რატომ მალავს "ოცნება" ხელშეკრულებას არაბულ კომპანიასთან
არნახული არაბული ინვესტიცია ჯერ არ ჩანს - სამაგიეროდ ძალიან კარგად ჩანს, როგორ მალავს "ქართული ოცნება" კონტრაქტს არაბულ კომპანიასთან. კობახიძემ ხელშეკრულება საიდუმლოდ გამოაცხადა და ამ დრომდე არავინ იცის, რა პირობებით ჩავდეთ საქართველოს ტერიტორიის საუკეთესო 850 ჰექტარი მიწა. რა ინვესტიცია შემოაქვს რეალურად არაბულ კომპანიას და რის სანაცვლოდ დათანხმდა იმ ქვეყანაში ფულის შემოტანას, რომელსაც არცერთი დასავლელი ინვესტორი აღარ ენდობა.
პროექტი, რომლითაც "ქართული ოცნება" თავს იწონებს, დიდ ტვირთად შეიძლება იქცეს. ემაარი, არაბული საინვესტიციო ფონდი ნელ-ნელა აქტუალური აღარ არის, სამაგიეროდ პროექტში სახელმწიფოს როლი გამოჩნდა. საქართველოს წილის სანაცვლოდ უზარმაზარი ტერიტორია აქვს ჩადებული. თუ პროექტი ზარალზე წავა, არსებობს რისკი, ეს მიწები კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში ზღვის პირას დავკარგოთ.
"ქართულ ოცნებას" არც არგუმენტი აქვს და არც კითხვებზე პასუხი, ამიტომ ტაქტიკაც უცვლელია - ან მათემატიკის ცოდნას გვიწუნებენ ან თავდასხმაზე გადადიან, ისე როგორც დღეს - კახა კალაძე, მაგრამ შესაძლოა დედაქალაქის მერმა მართლაც არ იცის, რომ თბილისსა და გონიოში 850 ჰექტარის ღირებულება მინიმალური დათვლითაც კი მილიარდს აჭარბებს.
დღეს, Eagle Hills-ისთის საზოგადოების მოთხოვნის წარდგენა სურდათ მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" წევრებს. კინო რუსთაველის ისტორიული შენობის კარი არაბული კომპანიის წარმომადგენლებმა ისე დახურეს, რომ ოფიციალური წერილი არ ჩაიბარეს. სულ ორი მოთხოვნაა - გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და საზოგადოებაში მსჯელობამდე მშენებლობა არ დაიწყოს.