პროკურორების რიგი ციხეებში - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუზუსტეს
პროკურორების რიგი ციხეებში. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ 64 დემონტრანტს დღეს ბრალი დაუზუსტეს. ერთადერთი სიახლე რაც ბრალის დადგენილებაში გაჩნდა ახალი გვარებია. 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად გამოაცხადეს ირაკლი შაიშმელაშვილი. გდდს ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად ანალოგიური ბრალდება წაუყენეს სამოქალაქო აქტივისტს ნანა სანდერსაც, ქალს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, პროტესტის ღამითვე დაუპირისპირდა და პირდაპირ ეთერში ლანძღავდა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ შაიშმელაშვილი და სანდერი ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ და პოლიციის დემორალიზებით იყვნენ დაკავებული. თუმცა ახალი გვარები საქმეებში ბრალდებულებისთვის არაფერს ცვლის. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე გამორიცხავენ ნებისმიერ კავშირს სანდერთან და სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანთან. რითი დგინდება მათი ერთმანეთთან კავშირი, კითხვები დღეს გამომძიებლებმა უპასუხოდ დატოვეს.
დღეს გაირკვა რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებულების ბრალში ახალი დაზუსტებაც გაჩნდა. დღეიდან მათ სააგიტაციო მასალის გავრცელებასაც ედავებიან. ანუ ახლა პროკურატურამ უნდა ამტკიცოს, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ ბუკლეტების დარიგება ძალადობისკენ მოწოდება იყო. ადვოკატებს ბრალის ამ კვალიფიკაციამ საბჭოთა პროკლამაციები გაახსენა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.