რატომ არ შეუშვეს PACE-ის დელეგაცია ამაღლობელთან - რას ამბობენ "ოცნებაში"

14.11.25 15:34
რატომ არ შეუშვეს PACE-ის დელეგაცია ამაღლობელთან - რას ამბობენ "ოცნებაში"

რატომ არ მისცეს ევროსაბჭოს დელეგაციას მზია ამაღლობელთან შეხვედრის შესაძლებლობა - "ოცნების" დეპუტატი ლევან მახაშვილი ამტკიცებს, რომ ამაზე წინასწარი შეთანხმება არ არსებობდა და შესაბამისად, პროცედურულად ამის ორგანიზება ვერ მოხდებოდა.

ივანიშვილის გუნდის დეპუტატის თქმით, დელეგაციამ მზია ამაღლობელის მონახულების სურვილი ექსპრომტად,  იმ დროს გამოთქვა, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

ამასთან, მისივე თქმით, ყველა პირთან მიმართებით, რომელთანაც დელეგაციამ შეხვედრა წინდაწინ ითხოვა, თანხმობა იქნა მიღებული. 

მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, როდესაც ეს დელეგაცია ჩამოდიოდა საქართველოში, მათი ოფიციალური თხოვნის გათვალისწინებით შეთანხმდა პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე ადამიანის მონახულების სურვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამას, რა თქმა უნდა, დაეთანხმა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით და თანხმობით, ამ ადამიანებმა მოინახულეს ზოგიერთი პირი. მათი სურვილი, რომ მოენახულებინათ სხვა ადამიანებიც, რამდენადაც მე ვიცი, ეს გაჩნდა უშუალოდ იქ, პენიტენციურ დაწესებულებაში, რაზეც იყო შესაბამისი პასუხი ჩვენი მხრიდანაც, რომ ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული საკითხი და ასე ექსპრომტად, ფორს მაჟორ რეჟიმში პროცედურების გავლა არ იყო სასურველი. თორემ, მანამდე, როცა ცამოდიოდა დელეგაცია, ყველა პირი, რომელიც მოითხოვეს, ყველა პირზე გაიცა თანხმობა ჩვენი მხრიდან, - ამბობს მახაშვილი.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხდებოდა ამაღლობელტან შეხვედრის ორგანიზება მოკლე ვადაში, დეპუტატს პასუხი არ აქვს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მონახულებას ცდილობდნენ, თუმცა მათ ციხის საკანში შესვლაზე უარი უთხრეს.

"პირველების" ინფორმაციით, შეხვედრის სურვილი თავად დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს, თუმცა სავარაუდოდ, ნებართვა არ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რის გამოც ვიზიტი ვერ შედგა.

ამასთან, PACE-ს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა რუსთავის ციხეში. მათ მოინახულეს პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები.