დაარღვევს თუ არა დუმილს ყოფილი პრემიერი - რას ამბობენ “გახარიას“ გუნდში
აპირებს თუ არა გიორგი გახარია მრავალწლიანი დუმილის დარღვევას და იტყვის თუ არა, ვინ იყო 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი ბრძანების გამცემი, ასევე რატომ ესროლეს რეზინის ტყვიები ხალხს დამიზნებით.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში ყველა ინფორმაცია გამჟღავნდება, ახლა კი მხოლოდ მისი განცხადებით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ, რომელიც მან კომისიაზე გააკეთა.
ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრემიერისთვის პატიმრობის შეფარდებას ივანიშვილის მხრიდან პერსონალურად დევნად აფასებს და ამბობს, რომ ეს არის “პერსონალური ვენდეტა“.
ეს არის პესონალური დევნა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ჩორჩანას საქმეში იყენებს თავის ხალხს, ნაცებს იყენებს 20 ივნისის საქმეში, ეს არის პერსონალური ვენდეტა, პოლიტიკური დევნა, დანარჩენზე დროთა განმავლობაში იქნება ინფორმაცია. მანამდე კი შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ განცხადებით, რომელიც იმ კომისიაზე გააკეთა. მე მის სიტყვებს გაგიმეორებთ: როდესაც ივანიშვილმა დაიწყო ჩარევა მელიას დაკავების სპეცოპერაციაში, გამიჩნდა იმის განცდა, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი ჩარეულიყო 20 ივნისთან დაკავშირებითაც, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მიმართულებით დაიწყო. გუშინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.