დაუმძიმებენ თუ არა ბრალს ღარიბაშვილს და რა დროს აძლევენ დიდი ფულის დასაბრუნებლად?
ვაკეში, მოსეშვილის 10-ში მდებარე ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ბოლო ორ სართულს გუშინ ყადაღა დაედო. ინფორმაცია უკვე ასახულია საჯარო რეესტრში, რაც ნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ვეღარ გაყიდის და ვეღარ გადააფორმებს აღნიშნულ ქონებას.
ღარიბაშვილმა ბინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა, გირაოს სახით გამოიყენა და თავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს გადასცა. ახლა მისი ოჯახი კვლავ იმ საკუთრებაში ცხოვრობს, რომელიც სამართლებრივად დაყადაღებულია. ამ ნაბიჯით ბრალდებულმა ექს-პრემიერმა მოახერხა, რომ ხაზინაში მილიონიანი გირაო ფულად არ გადაეხადა და მის ნაცვლად ქონება დაეთმო.
„პირველების“ ინფორმაციით, ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის სახელზე აღარ არის გაფორმებული ორი ძვირადღირებული ავტომობილი — თეთრი Range Rover და შავი Audi, რომლებიც ექს-პრემიერმა წლების წინ თავისთვის და ნუნუ თამაზაშვილისთვის შეიძინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაში ეს მანქანები მათ სახელზე აღარ ჩანს.
ამასთან, დღეს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის ფული, რომლის კადრებიც სუს-მა გაავრცელა, ღარიბაშვილს ჩემოდანში არ ჰქონდა. მათი შეფასებით, 6 მილიონ 500 ათასი დოლარი სეიფში ინახებოდა და თავად ღარიბაშვილს სეიფის კარი ღია ჰქონდა, როცა ჩანაწერი კეთდებოდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.