არაბული ქალაქების მშენებლობა - კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის

16.11.25 16:16
არაბული ქალაქების მშენებლობა - კობახიძე ამტკიცებს, რომ  ხელშეკრულების გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის

"ოცნების" პრემიერი მთავრობის ოფიციალურ გვერდზე კერძო სამშენებლო კომპანიას პრაქტიკულად რეკლამას უკეთებს. ირაკლი კობახიძე 9-წუთიან ვიდეოში საუბრობს, თუ რა სარგებელი ექნებათ მოქალაქეებს 16 ათასი საცხოვრებელი სახლისა და ბინის აშენების შემდეგ. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ როგორც თბილისში, ისე გონიოში მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრე სახელმწიფო დარჩება. ამასთან, მიუხედავად ფართო საზოგადოებრივი მოთხოვნისა, მისი თქმით, არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კვლავ არ გასაჯაროვდება.

სახელმწიფოს არაფერი აქვს დასამალი საკუთარი მოქალაქეებისთვის და მზადაა, უპასუხოს ყველა შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, საიდუმლოდ დარჩეს ხელშეკრულების დეტალები, რათა სამომავლოდ ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა.

როდესაც ეს ყველაფერი იცის ზოგიერთი პარტიის ბიზნესმენმა ხელმძღვანელმა და მისი პარტია ამით მაინც სპეკულირებს, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, რამდენად მძიმეა უცხოელი აგენტის ხვედრი.

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოკრატიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს.

როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ამხელა ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთიმოსურნეები ასე აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ, - ამბობს კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები