ბრიუსელი დღეს ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმის დამტკიცებაზე იმსჯელებს
ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრთა შეხვედრა იწყება, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედებაა. გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხება საქართველოს - კერძოდ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
არსებული გეგმის მიხედვით, დეკემბრიდან შესაძლოა უვიზო რეჟიმი გაუუქმდეთ ივანიშვილის გუნდის ლიდერებს, მათ ოჯახების წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმს ჩვეულებრივად ინარჩუნებენ, აღნიშნულ პირებს ევროპაში მოგზაურობა მხოლოდ ვიზით შეეძლებათ. ამასთან, ყოველ კონკრეტულ პირზე ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მისცენ თუ არა ევროკავშირში შესვლის უფლებას.
დიპლომატების თქმით, აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: არსებობს ერთჯერადი და მრავალჯერადი ვიზები. მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში მრავალჯერადი ვიზების გაცემის პრაქტიკა ფაქტობრივად შეწყვეტილია, რადგან ევროკავშირი უსაფრთხოების დამატებით კონტროლებს იყენებს. მსგავსი მიდგომა შეიძლება გავრცელდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოგზაურობაზე მათ ცალ-ცალკე განაცხადის გაკეთება და კონსულთან თანხმობის მიღება მოუწევთ.