"უმადურები" - "ოცნება" უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა
"ოცნება" უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება მიხაილო პოდოლიაკის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც "ოცნების" ბრალდებები უარყო და "ოცნების" ლიდერის განცახდებას "უხამსი" და "პროვოკაციული" უწოდა.
პაპუაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში სააკაშვილის შემოპარებაში ბრალი კიდევ ერთხელ დასდო და ზელენსკის მთავრობას "უმადურები" უწოდა.
ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს. აბა, ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი? უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს სააკაშვილი იმისთვის, რომ აერიათ ქვეყანა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ უმადურობით. ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ამ მხარდაჭერის ასეთი პასუხი, აქ შემოაპარეს ჯერ სააკაშვილი, შემდეგ მათ შორის პოდოლიაკის განცხადებებითაც ცდილობდნენ, რომ შეეყვანათ ესკალაციაში რუსეთთან. აქ პრობლემა არ არის ამ ადამიანში, აქ პრობლემაა იმ მეხუთე კოლონაში, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების დროშების ფრიალით არის დაკავებული, - ამბობს პაპუაშვილი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბრალდებებს "ტვ პირველის" ეთერში უპასუხა. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა უარყო პაპუაშვილის განცადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ უკრაინის ხელისუფლებამ შემოაპარა არეულობის მოსაწყობად.
პოდოლიაკის თქმით, "ოცნების" ლიდერის ეს განცხადება პროვოკაციული, მდაბიო და უხამსი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული ერთი-ერთში კრემლის პროპაგანდის ნაწილია.