ბეჟაშვილი: „ქართული ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს პოლიტიკური ინტერესებით აუქმებს და რუსულ პოლიტიკას უბრუნდება
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებს ოპოზიციაში მწვავე შეფასებები მოჰყვა - ენმ-ს ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და სხვა ინსტიტუციური ცვლილებები პირდაპირ ადასტურებს ხელისუფლების ინტერესს, შეინარჩუნოს კორუფციაზე დამოკიდებული სისტემა.
პოლიტიკოსის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს 2026 წლის 2 მარტიდან გაუქმება და მისი ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე გადატანა მიუთითებს მმართველი ძალის მიზანზე - ნებისმიერი ორგანოს დაშლისკენ, რომელსაც თუნდაც ფორმალურად შეუძლია კორუფციასთან ბრძოლა.
„ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც თუნდაც ფორმალურად, კორუფციასთან ბრძოლა დაევალება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კორუფცია არის ის საფუძველი, რომელსაც "ქართული ოცნება" ეყრდნობა… ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ მის კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს და გააუქმოს ეს სამსახური… ეს გადაწყვეტილება ეხება არა კორუფციის სფეროში რეფორმების გატარებას, არამედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ამ ქვეყანაში, - ამბობს ბეჟაშვილი.
ოპოზიციონერი ასევე აკრიტიკებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გაუქმდება.
„ქართულმა ოცნებამ" მისი შეფასება 13 წლის თავზე დაიწყო… ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსალოდნელია, სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით, "ქართული ოცნებამ" ისევ რუსული პოლიტიკა გაატაროს… დღეს ეს სამსახური რუსეთისთვის მიუღებელია და "ქართული ოცნება", როგორც "რუსული ოცნების" გაგრძელება, დღეს ამ სამსახურს აუქმებს და რუსული პოლიტიკის გატარებას აპირებს ამ სფეროში, - ამბობს ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიურო 2026 წლის 2 მარტიდან ოფიციალურად იხურება, მისი უფლებამოსილებები კი მთლიანად გადადის სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს ადმინისტრაცია, რომელიც 2006 წელს შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულებს - ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტებს მართავდა.