ჰადიდი "ოცნებას": გაათავისუფლეთ ოპონენტები და დაიწყეთ მზადება ახალი არჩევნებისთვის
საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, ბენჟამინ ჰადიდი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების ბოლო ქმედებები - ოპოზიციაზე, ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა, ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ დაწყებულმა არალიბერალურმა ნაბიჯებმა უკვე შეაჩერა ევროკავშირთან დაახლოების პროცესი.
ჰადიდი ამბობს, რომ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნება“ შეცვლის მიდგომას, დაიწყებს ნორმალურ დიალოგს ოპოზიციასთან და გაათავისუფლებს დაპატიმრებულ ოპონენტებსა და აქტივისტებს.
ევროკომისიის გაფართოების პაკეტი საქრთველოსთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. "ქართული ოცნების" ქცევა, ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, ქვეყანას ევროპულ გზას უკეტავს და ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას, მათ ძლიერი მისწრაფებას, რომელსაც სხვა ევროპული ქვეყნები მხარს უჭერენ. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც გასული წლის არჩევნების შემდეგ ხდება, ასევე, არალიბერალური გადახვევა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ, ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს. ასე, რომ ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", სრულიად შეცვალოს პოზიცია, აწარმოოს ოპოზიციასთან კონსტრუციული დიალოგი, რათა დაიწყონ მუშაობა ახალ არჩევნებზე. გაათავისუფლონ პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა ევროპულ მისწრაფებებს დაუბრუნდეს. ახლა ეს პროცესი გაყინულია იმის გამო, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს. თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს ამ გზას, სამწუხაროდ, ეს მიგვყვანს იმ ზომებამდე, რაც უფრო დააშორებს საქართევლოს ევროპულ გზას, - განაცხადა ჰადიდმა.
ბრიუსელში ამ წუთებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები არიან შეკრებილი. უახლოეს წუთებში ისინი კენჭს უყრიან მექანიზმს, რომელიც უვიზო რეჟიმის გამარტივებული წესით შეჩერებას ითვალისწინებს.
ეს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ ოჯახის წევრებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს.