მხილება ციხიდან - სინდისის პატიმარი ახალ წერილს აგზავნის
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე პენიტენციურ სამსახურს პასუხობს და ახალ წერილს აგზავნის.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდა წერს რომ ციხეთა სისტემა "ოქტომბერსა და ნოემბერში ყინავდა პატიმრებს".
მისი თქმით, ფანჯრებში იმხელა ღრეჭოებია, რომ ჩვეულებრივად ქრის ქარი, როგორც გარეთ.
მოდი აბა, ახლა ისიც დაწერეთ, როდის ჩართეთ ეგ ვითომ გათბობა, ან რამდენი თვის მანძილზე გქონდათ და გაქვთ გამორთული. ოქტომბერი და ნოემბერი არ ყინავდით პატიმრებს? კარგი, ზაფხულში არ ყინავდა, მაგრამ აბა ღამე დადექი ქუჩაში ოქტომბერში, ნოემბერში ან აპრილში, თუ არ შეგცივდება. ანდაც ზაფხულშიც, თუ ვიღაც გაცივდა, რატო არ უნდა შეეძლოს ჩართვა? ვისაც ცხელა, თავისითაც გამორთავს, თქვენ კი არ უნდა ურთავდეთ. ან მაგას ჩართვას ეძახით? გამათბობელის მხოლოდ 20% რო აფრქვევს სითბოს და დანარჩენი ნაწილი ისევ ცივია — „დაჰაერება უნდა“, ასე მითხრეს. მე ხომ არ დავაჰაერებ?
ან საერთოდაც, ჩართვას რა აზრი აქვს, თუ ფანჯრებში იმხელა ღრეჭოები უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივად ქროდეს ქარი, როგორც გარეთ. თეთრეულით და პირსახოცებით თუ არ ამოქოლე გისოსები, მაცივართან წევხარ ჩვეულებრივად, განსაკუთრებით თუ მაღლა ხარ. ყოველი ახალი წესი რამეს თუ აკრძალავს აქ პატიმარს, თორე აქ პატიმრის საკეთილდღეოდ რა გაკეთებულა, აბა დაწერეთ ერთი.
როგორც გივიას „ცისფერმთებში” ეძახიან და არავინ იცის სადაა, ზუსტად ასე ვართ აქ ექიმზე.
საერთოდ არ მადარდებს აქ ყოფნა, რა პირობებიც არ უნდა იყოს, ვინაიდან მართალი ვარ და ეგ სიმართლე გამაძლებინებს ყველგან, მაგრამ პატიმრების ფეხებზე დაკიდება არ უნდა ნორმალიზდეს, ამიტომ ხმამაღლა უნდა ითქვას, რაც რეალურად ხდება. და ყველაფერში წინა მთავრობა რო მოგყავთ მაგალითად, რომელთანაც მე და პატიმრების უმეტესობა არაფერ შუაში ვართ — შენ ეხლა რა გარემოსაც ქმნი, იმაზე მელაპარაკე, ძველ დროს რატო ედრები ყოველთვის? მამადლე რო არ მცემ, როცა ისედაც არ მეკუთვნის ცემა, თანაც 2 პატიმარი უკვე გარდაიცვალა აქ ამ ერთ წელში, და ეგრე თამამადაც ნუ გამოიდებ თავს „არ ვცემთ პატიმრებსო“. ხალხს კიდე მხოლოდ წარსულით ნუ აცხოვრებთ, 13 წლის მანძილზე ყოველ წელს ერთიდაიგივეს ნუ იძახით, აწმყო ნუ წაუშალეთ. აწმყოში რას მიკეთებ და რატო იმსახურებ ზემოთ ყოფნას, ეგ დამანახე.
როგორც სტანის ბარათეონმა თქვა: „სხვისი ცუდი საქმეები შენ ცუდ საქმეებს ვერ გადაფარავს!““ - აღნიშბულია წერილში, რომრელიც 17.11.2025-ით თარიღდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს".
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ გათბობასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.