რიჟვაძე გერმანიაში გაემგზავრა - ექს მაღალჩინოსანი ემიგრაციაში წასულების სიაში ჩაეწერება?
"პირველებს" ბათუმში, თორნიკე რიჟვაძის მეგობრები უდასტურებენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა საქართველოდან ოჯახიც წაიყვანა. ბინა ფიროსმანის ქუჩაზე დიდი ხანია ცარიელია. რიჟვაძესთან ერთად საქართველო დატოვეს მისმა შვილებმა, მეუღლემ, მშობლებმა და სიდედრმა.
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში მკურნალობის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა, ეს ამბავი დაგვიდასტურა კაცმა, რომლის სახლშიც აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, სუიციდი სცადა. ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ რიჟვაძე არა საცხოვრებლად, არამედ სამკურნალოდ წავიდა და აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა როდის - არ იცის.
რატომ გაემგზავრა თურქეთიდან გერმანიაში თორნიკე რიჟვაძე? მხოლოდ სამკურნალოდ, თუ ისიც ემიგრაციაში წასული ექს-ჩინოვნიკების სიაში ჩაეწერება? - "პირველებს" "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, მურმან დუმბაძე უყვება, რომ თორნიკე რიჟვაძეს თურქეთიდან სარფის საბაჟო პუნქტის გავლით სამშობლოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს და უკან გააბრუნეს.
რიჟვაძის არცერთ ყოფილ თანაგუნდელს არ ჰქონია კომუნიკაცია კაცთან, რომელიც ერთ დროს "ოცნების" ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მოიაზრებოდა აჭარაში. რა ხდება რეალურად? - ამის გარკვევა "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერებსაც უნდათ, მაგრამ ვერაფერი გაიგეს.
კანონის თანხმად, რიჟვაძეს და მისი ოჯახის წევრებს გერმანიაში დარჩენა მხოლოდ სამი თვით შეუძლიათ, თუ უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩნენ მათ სჭირდებათ, ვიზა ან ბინადრობის უფლება. ჰუმანიტარული ანუ სამედიცინო მოტივით დარჩენას რიჟვაძე შეძლებს, მაგრამ მისი ოჯახის სამართლებრივი სტატუსი უნდა განისაზღვროს. დღის წესრიგში პასუხგაუცემელია კითხვა აპირებს თუ არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს "ოცნების" ექს-მაღალჩინოსანმა.
საქმეზე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს, 4 თვის თავზე იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი. "ოცნებაში" გადაჭრით ვერ გამორიცხავენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თავშესაფარს არ მოითხოვს, თუმცა ცდილობენ ახლა ხალხი დაარწმუნონ, რომ თითქოს მასთან კითხვები არავის აქვს.