არაბული დასახლების - რეალური ინვესტიცია თუ ფინანსური სიმულაცია?
არნახული ინვესტიცია არსად ჩანს, არაბული კომპანიის დასაცავად კი "ოცნება" ძალებს არ იშურებს. საქმეში პირადად ირაკლი კობახიძე ჩაერთო - წესით ნათელი უნდა მოეფინა, რა სარგებელს მოგვიტანს არაბული პროექტი, მაგრამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. კობახიძის სარეკლამო რგოლით გავიგეთ, რომ 10 წელში 2-მილიარდიანი მოგება უნდა მივიღოთ, როგორ ითვლის "ოცნება" ეს ცალკე საკითხია. ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დათვალა, რას უნდა ველოდეთ. ნიკოლოზ ალავიძე მიიჩნევს, რომ ფინანსური კოეფიციენტებით, პროექტი წამგებიანია.
"ოცნება" იმეორებს, რომ მილიარდ 600 მილიონის პროექტს აკეთებს. სახელმწიფოს აქ მესამედი წილი აქვს. ოღონდ პროექტში შედის 850 ჰექტარი მიწით და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების ხარჯით. "იგლ ჰილსმა" თბილისსა და გონიოში მინიქალაქები უნდა ააშენოს. ეს ფაქტობრივად ინვესტიცია კი არა, სამშენებლო ბიზნესია. "ოცნების" მტკიცებით, 28 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდება, ანუ იმაზე 2-3 ჯერ მეტი, ვიდრე სინგაპურში, ნიუ-იორკში ან დუბაიში უფრო დიდი პროექტების შემთხვევაში.
რეალურია თუ არა რიცხვები? ეკონომისტები ითვლიან, მაგრამ "ქართული ოცნების" არითმეტიკისგან განსხვავებულ სურათს იღებენ. "იგლ ჰილსთან" ხელშეკრულება საიდუმლოა, გასაჯაროებასაც არავინ აპირებს. სულ ორი მთავარი და უპასუხო კითხვა არსებობს - რა პირობებით შედის პროექტში სახელმწიფო და რა ვალდებულებას იღებს არაბული კომპანია?