სტუდენტებისთვის წართმეული შანსი - "ოცნების" პოლიტიკის გამო EU Erasmus+–ის პროგრამის დაფინანსებაზე უარს ამბობს
"ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო არ არის გამორიცხული, რომ ქართველმა სტუდენტებმა ვეღარ შეძლონ ევროპული განათლების მიღება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. Erasmus+–ის ახალი გზამკვლევით ირკვევა, რომ ევროკავშირი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას წყვეტს და აღარ დააფინანსებს პროექტებს, სადაც სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობაა აუცილებელი, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს ქართულ უნივერსიტეტებსა და განათლების ხარისხზე. გზამკვლევში შავით თეთრზე წერია, რომ მიზეზი საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაა, ამიტომ სტუდენტები სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
რა გავლენა ექნება ქართულ განათლებაზე? - ვერ განხორციელდება უმაღლეს სასწავლებლებში სტრუქტურული რეფორმები და განათლების პოლიტიკის მოდერნიზება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში კიდევ უფრო დაიწევს. საქართველოში მიღებული განათლება და დიპლომები კი ნაკლებად სანდო და აღიარებული იქნება მსოფლიოში. განათლების ექსპერტებისთვის ეს საგანგაშო სიგნალია და არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში "ქართული ოცნების" ანტი-დასავლური პოლიტიკის გამო სხვა პროგრამებიც შეგვიწყვიტოს ევროკავშირმა.
საქართველო ევროპული კავშირის ნაწილად აღარ აღიქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ იკარგება არა მარტო დაფინანსება, არამედ ქვეყნის რეპუტაციაც და შესაძლოა თავად ევროპული უნივერსიტეტები აღარ დაინტერესდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით. განსაკუთრებით იმ რეფორმის ფონზე, რაც განათლების სისტემაშია დაანონსებული.
"ქართული ოცნების" გუნდში ისრებს ევროკავშირისკენ მიმართავენ, ანტიდემოკრატიულ ქცევად აფასებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებსაა აცდენილი.