ივანიშვილის ფილოსოფოსმა ვენსი დიფსთეითის აგენტად გამოაცხადა
ევროპასთან ერთად "ოცნება" ხიდებს ამერიკასთანაც წვავს - ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო გარემოცვაში მყოფი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ევროპაში კრიზისია და მას ოლიგარქიული ოჯახები მართავენ.
ის განცხადებაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე საუბრობს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ახლო მეგობარი "დიფსთეითის" წარმომადგენელია. ზაზა შათირიშვილს მაგალითად შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მიხე მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.
ოპოზიციაში თვლიან, რომ "ქართული ოცნების" აღნიშნული განცხადებები საზოგადოებაში იმ იდეის კულტივირებას ემსახურება, რომ საქართველოს ევროპა და დასავლური სამყარო არ სჭირდება, რითაც ქვეყნის რუსულ ორბიტაზე კიდევ უფრო მყარად გადაყვანა ხდება.
საზოგადოებაში მიდის კულტივირება იმ იდეის, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროპა, საქართველო არ არის ევროპული ოჯახის ბუნებრივი ნაწილი და ხდება ამ ქვეყნის დისტანცირება ასეთი ნარატივებით და რუსულ ორბიტაზე კიდევ უფრო მყარად გადაყვანა. მთელი ეს პროპაგანდა ეძღვნება იმას, რომ საქართველო მაქსიმალურად დისტანცირდეს ევროპასთან და იმავდროულად, "ქართული ოცნების" პოლიტიკური განცხადებები, რომელიც კიდევ ერთხელ, ყოველ ჯერზე აშორებს ქვეყანას, ბუნებრივ მოცემულობად მიიღოს ქართულმა საზოგადოებამ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, ნიკა ფარულავას თქმით, გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა შეძლოს და ურთიერთობები დაალაგოს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, აშშ-სთან და ზოგადად თავისუფალ სამყაროსთან.
პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილის პირით, დღეს პირადად ბიძინა ივანიშვილი მიმართავდა პრეზიდენტ ტრამპს და აშშ-ის სახელმწიფოს, რომელსაც უთხრა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელსაც ტრამპი მეგობრად მოიხსენიებს, რომელიც არის მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, წარმოადგენ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, არამედ მოგონილ "დიფსთეითს", რომელსაც ისინი ებრძვიან.
ეს კონკრეტიკა დღეს სინამდვილეში ნიშნავს, რომ გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა შეძლოს და ურთიერთობები დაალაგოს, როგორც ისინი ამას თავად მოიხსენიებენ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, აშშ-სთან და ზოგადად თავისუფალ სამყაროსთან," - ამბობს ნიკა ფარულავა.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, შალვა კერესელიძე აღნიშნავს, რომ რეალურად "დიფსთეითის" მმართველობა არის ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
ხან "დიფსთეითს" საქართველოს გადაყლაპვა აქვს გადაწყვეტილი, ხან ხელისუფლების შეცვლა, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ხან ვოისებით ჩაესმით ხოლმე ყურში მასონებისგან და "დიფსთეითს" წარმომადგენლებისგან და ვერ გაურკვევიათ რას ეუბნებიან და რას ჩასძახიან. ახლა, ამერიკასაც აღარ დასჯერდნენ და უკვე ევროპაზეც გადავიდნენ.
თუ იცის, "დიფსთეითი" რა არის, რეალურად, "დიფსთეითის" მმართველობა რეალურად რომ ავდგეთ და შევაფასოთ არის ის, რაც დღეს საქართველოში ხდება," - თქვა შალვა კერესელიძემ.