ბრიუსელში EU-ს გაფართოების ფორუმი იწყება - სხდომაზე კობახიძე არ მიიწვიეს

18.11.25 11:38
ბრიუსელში EU-ს გაფართოების ფორუმი იწყება - სხდომაზე კობახიძე არ მიიწვიეს

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიხსნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ ის ქვეყნებიც, რომლებიც სავარაუდოდ, 2030 წელს გაფართოების ტალღაში მოყვებიან. საუბარია მოლდოვაზე, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე. საქართველო ბორტს მიღმა აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძეს ფორუმზე დასასწრებად ბრიუსელისგან მოწვევა არ მიუღია.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ვიდრე ქვეყანაში პოლიტპატიმრები იქნებიან და ვიდრე "ოცნება" ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, ევროკავშირი საკუთარ პოლიტიკას გააგრძელებს და სრულიად გაწყვეტს ივანიშვილის რეჟიმთან პოლიტიკურ კონტაქტებს.

ამ ევროკომისიის ანგარიშში საქართველოს შესახებ ყველაზე კრიტიკული დასკვნა დაიწერა დანარჩენ ქვეყნებისგან განსხვავებით და შესაბამისად, საქართველო არ არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირს აქვს ოფიციალური თანამშრომლობა შეწყვეტილი "ქართულ ოცნებასთან" მანამ, სანამ "ქართული ოცნება" არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას. შესაბამისად, ევროკავშირი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ასრულებენ თავის პირობას. დეკემბერში უკვე გაწერილი იქნება იმ სტრუქტურების ჩამონათალი, რომელსაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ეს უკვე დეკემბერში გვეცოდინება. კონკრეტული ადმაიანების სახელები, ის სია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უფრო გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი, რომ გამოქვეყნდეს, - ამბობს კოალიცია "ცვლილებითვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც გაფართოების ღონისძიებაზე საქართველოს არ იწვევენ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია დასრულებულია. 

როცა ფორმატს ჰქვია გაფართოების ფორმატი და ამ ფორმატზე შენ არ ხარ მიწვეული, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის დასრულებული. ეს აღარ არის კარგი, აღარ არის საშუალო, აღარ არის ცუდი, არამედ საერთოდ აღარ არსებობს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მანამ, სანამ "ქართული ოცნების" რეჟიმი განაგრძობს ამ ქვეყნის დე ფაქტო რეჟიმში მართვას, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არ მოხდება, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, როდესაც პარტნიორების მაგინებელ "ოცნებას" ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იწვევენ.

არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ნათელია, ეს რუსული ქოცური რეჟიმი არათუ ევროკავშირში შესვლას არ აპირებს, არამედ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დაშორდეს ყველანაირ ევროპულ სტანდარტებს და პრინციპებს და დღე და ღამე, დილა რომ თენდება, იწყებენ ევროკავშირის გინებით და სხვა ჩვენი მეგობრების გინებით და საღამოს ამთავრებენ ჩვენი მეგობრების გინებით და ბუნებრივია, ასეთ პირობებში, ასეთ რეჟიმს, რომელსაც არავინ ცნობს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ასეთ ღოსნიძიებებზე ვერ და არ მიიღებენ, - ამბობს გიორგი ბარამიძე. 

ევროკავშირის გაფართოების ფორუმს ანტონიო კოშტა გახსნის და ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი მარტა კოსი და ევროკავშირის არაერთი ლიდერი იქნება. ფორუმზე დასახავენ სამოქმედო გეგმას, ვინ უნდა მოხვდეს გაფართოების ფორმატში და რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა შეასრულონ ამისთვის კონკრეტულმა სახელმწიფოებმა.

მსგავსი სიახლეები