წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ (ჩორჩანას) პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენს - სუსის წარმომადგენელი

18.11.25 13:56
წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ (ჩორჩანას) პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენს - სუსის წარმომადგენელი

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმების საკითხი დე ფაქტოს ცხინვალს არაერთხელ დაუყენებია, თუმცა ქართული მხარის პოზიცია არის უცვლელი.

მისი თქმით, საგუშაგო დგას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და შესაბამისად, მისი გაუქმების ან აღების საკითხი სუს-ის დღის წესრიგში არ დგას. 

ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთგიზ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია პოლიციის სტაციონარულ საგუშაგოსთან დაკავშირებით. ეს პოზიცია უცვლელია. აღნიშნული სტაციონარული პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციოა აღჭურვილობით. წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ თუნდაც თეორიულად, შეიძლება, ეს პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, - ამბობს ირაკლი ანთაძე.

საოკუპაციო რეჟიმი "ქართულ ოცნებას"  ჩორჩანას საგუშაგოს გაუქმებას ოფიციალურად სთხოვს. საკითხი დღის წესრიგში, სავარაუდოდ, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ მას შემდეგ დააყენა, რაც ივანიშვილის პარტიამ ამ საქმეზე ბრალდება ექსპრემიერს წარუდგინა. 

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 

პროკურატურა ამტკიცებს, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. 

მსგავსი სიახლეები